გელათის კომპლექსი – რამდენიმე საინტერესო ცნობა

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო გელათის სამონასტრო კომპლექსის ესოდენ დიდი როლი ქრისტიანულ სამყაროში და განსაკუთრებით ქართველი ერის წინაშე. პოსტში გადმოვცემ ჩემს მიერ ფეისბუქის გვერდზე გასული ერთი კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ მასალებს შეკრებილი სახით. ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უნდა ვიცოდეთ გელათის მონახულების დროს. ბევრი ელემენტი გამოტოვებულია გასაგები მიზეზების გამო. ზოგი დეტალი უბრალოდ არ საჭიროებს გასაჯაროებასაც. მაგრამ დამეთანხმებით, რასაც გადმოვცემ შეიცავს საკმაოდ მნიშვნელოვანს. მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენი ინტერნეტ სივრცე მოკლებულია მსგავსი თემატიკის სტატიებს და თანაც ასე შეკრებილად და მნიშვნელოვნად. მჯერა დიდ დახმარებას გაგიწევთ ამ საკითხით დაინტერესებულ ხალხს ინფორმაციის კუთხით. ძალიან ძნელია ნაწერში გადმოვცე მთელი ის სულისკვეთება და შინაგანი სამყაროს ლტოლვა გელათის მონასტრისადმი, რომელიც მეუფლება გელათის ძეგლის აღწერის დროს, მაგრამ ყველას შეგვიძლია განვიცადოთ ის უშუალოდ ტაძრის მონახულებისას და სულ სხვა თვალით, უფრო ამაღლებულ ჭრილში განვიხილოთ გელათის მონასტერი იქ არსებული სიმდიდრით.

ნაწილი I


ღვთისმშობლის მიძინების მთავარი ტაძრის ჩრდ. კედლის ცნობილი ფრესკა.

რა უნდა ვიცოდეთ ამ ფრესკის შესახებ? -საინტერესოა.
გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ჩრდ. კედლის ფრესკა. გამოსახულნი არიან მარცხნიდან მარჯვნივ:
დედოფალი რუსუდანი, უფლისწული ბაგრატი, გიორგი II, დედოფალი ელენე, ბაგრატ III, კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე და დავით IV აღმაშენებელი.
ზოგადად ფრესკები კი არ იხატება, არამედ იწერება. ამიტომ შესაძლებელი ხდება მათი წაკითხვა. წინამდებარე ფრესკაზე ვხედავთ იმერეთის სამეფო ოჯახს, კათალიკოსს და დავით აღმაშენებელს. ფრესკა განეკუთვნება XVI საუკუნეს და მისი ავტორების სახელები სამწუხაროდ ისტორიამ არ შემოგვინახა.
მინდა ყურადღება მივაქციოთ გიორგი II და დავით აღმაშენებლის შესამოსელს. ვნახავთ, რომ ჩაცმულობა ერთმანეთის იდენტურია. ჯერ ყურადღება გავამახვილოთ სამოსის ტიპზე. აღმოვაჩენთ, რომ ეს არის საეკლესიო სტილი ოლარით და მანტიით. მწვანე ფერი ხაზს უსვამს მეფის საერო ხელისუფლებაში ძლიერ პოზიციებს, მის ამქვეყნიურ უდიდებულესობას. ყვითელი ფერის ფრაგმენტები კი მიგვანიშნებს მეფის სულიერ სიმაღლეზე, მის სულიერ განვითარებასა და სიწმინდეზე. ორნამეტები – მუხის რკო და რტოები. მუხა (მეგრ. ჭყონი, აქედან ჭყონდიდი (ძვ. მარტვილი) სიძლიერის და სიდიადის სიმბოლოა. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმი გამოყენებულია ორივე მეფის გამოსახვაში. მაგრამ არის ერთი განსხვავება: სამკლაურები და სამხრეები. ამასაც მოეძებნება ახსნა იმ დროის საუკეთესო უცნობი მხატვრების ფრესკებში. დავით აღმაშენებელს თითოეულ მხარზე ამშვენებს სამკლაური და სამხრე. ხოლო გიორგი II მხოლოდ სამკლაურები. რატომ? ამ ჟესტით ქტიტორმა ხაზი გაუსვა გიორგი II როგორც დაშლილი ქვეყნის ცალკეული მხარის იმერეთის მეფეს და დავით აღმაშენებელს, როგორც გაერთიანებული ქვეყნის მეფეს.

ნაწილი II

გამიხარდა იმის გამო, რომ გელათის ფრესკის შესახებ პოსტზე ინტერესი დიდი იყო და თქვენი მოწონებებიც დაიმსახურა, ვიფიქრე უფრო განვავრცო თემა და გელათის მონასტრის გარშემო ვიტრიალო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატულობა რამდენიმე ეპოქას მოიცავს XII საუკუნიდან XIX საუკუნის ჩათვლით.
ამჯერად მთავარი ტაძრის ცაში ავიხედოთ.
ჩვენს თვალწინ იშლება დიდებული ინტერიერი და სივრცე, დაგვყურებს XVI საუკუნის ქრისტე პანტოკრატორი (ბერძ. ყოვლისშემძლე) მაკურთხეველი მარჯვენით და გადაშლილი სახარებით.

გუმბათის ყელი, საერთო ხედი. ცენტრში ქრისტე პანტოკრატორი მაკურთხეველი მარჯვენით და გადაშლილი სახარებით XVI ს.
გუმბათის საფუძვლის ოთხივე კუთხეში შემორჩენილია ოთხი მახარებელის ფრესკის ფრაგმენტები.
გუმბათის ყელში, სარკმლებს შორის მოთავსებულ არეებზე გამოსახულია ებრაელთა მეფეები დავითი და სოლომონი. მათ ქვემოთ მოთავსებული ქართული წარწერებით ვგებულობთ, რომ ტაძრის ამ ნაწილის მხატვრობის შემსრულებელი ოსტატები ყოფილან სვიმონი და მისი მოწაფე თევდორე. გუმბათის შუბლზე მოთავსებულია საღვთისმეტყველო წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე.


მამა ღმერთი


ძე ღმერთი


სულიწმინდა

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილოთ გუმბათის საყრდენი თაღების მოხატულობაზე, გამოსახულია წმ. სამება – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა.
ქრისტეს აღმოსავლეთით გამოსახულია მამა ღმერთი ოვალურ ჩარჩოში. სამხრეთით ასევე ოვალურ ჩარჩოში ძე ღმერთი ქერუბიმებით და სერაფიმებით, ხოლო ჩრდილოეთით თეთრი მტრედის სახით ვხედავთ სულიწმინდას. აი ეს არის გელათის სამება, რომელიც იქ მისულმა ქრისტიანმა აუცილებლად უნდა ნახოს.

ნაწილი III

ვიტრიალოთ ისევ გელათის გარშემო.
მაგალითად, ჩემთვის ბევრს უკითხავს რა წერია დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე?
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვა არ არის ორიგინალი. სავარაუდოდ ის მოდის მხოლოდ XVI საუკუნიდან, ხოლო ნამდვილი საფლავის ქვა ინახება ტაძარში.

დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა

ეხლა რაც შეეხება ძველი ასომთავრულით შესრულებულ წარწერას:
Ⴕ ႤႱႤႠႰႱႢႠႬ
ႱႠႱႭႤႬႤ
ႡႤႪႨႹ[ႫႨ]
[ႭႩႨႭႩႤ]
[ႤႱႤ]ႫႧႬႠ
ႥႱႠႵႠႣႠ
ႥႤႫႩჃႣႰႭ
ႫႤ
იკითხება ასე:
ქ ესეარსგან
სასოენე
ბელიჩ[მი]
[ოკიოკე]
[ესე]მთნა
ვსაქადა
ვემკჳდრო
მე


უნდა გავიგოთ ასე:
ქრისტე! ესე არს განსასოჳენებელი ჩემი ოჳკოჳნითი ოჳკოჳნისამდე. ესე მთნავს, აქა დავემკჳდრო მე.

როგორც ხედავთ აქ არსად არ არის ნახსენები “ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან…..” და ასე შემდეგ. ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ გენიალური ქართველი მწერლისა და პოეტის შთაგონება იყო.
შესაბამისად, ნუ ჩათვლით აუცილებლად დავით აღმაშენებლის საფლავთან მისულებმა ქვაზე ფეხი დადგათ და დაიწყოთ ძებნა რომელია გულის მხარე.
რატომ?
არა იმიტომ, რომ ქვა გაცვდება, არა იმიტომ რომ მიცვალებულის საფლავზე არ შეიძლება გადაბიჯება, არამედ იმიტომ, რომ დავით აღმაშენებელი წმინდანად არის შერაცხული, როგორც კეთილმსახური დავით მეოთხე და არავის არ გვაქვს უფლება მისი საფლავის ქვაზე ფეხის დადგმის. ეს ქცევა სცილდება ყველანარი ნორმას.
პ.ს. რაც შეეხება ამ ქვას და მასთან დაკავშირებულ სასწაულებრივ მოვლენებს, ამაზე უკვე ადგილზე მოგიყვებით

ნაწილი IV


დავით აღმაშენებლის საფლავი და განჯის კარი

და რაკი ეშხში შევედი მეამბნა თქვენთვის გელათის მონასტერზე, არ დავივიწყოთ განჯის კარი, რომელიც მონასტრის სამხრეთი კარიბჭის ინტერიერს ამშვენებს და დავით აღმაშენებლის საფლავთან მდებარეობს.
როგორც ვიცით დავითის მემკვირდემ დემეტრე I 1138-39 წწ. განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა.
ყურადღებას იმსახურებს მასზე ამოტვიფრული წარწერა და უკითხავთ ხშირად რა წერია.

დარუბანდის კარი

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ წარწერა შესრულებულია არაბულ ენაზე 1063 წელს და გადმოსცემს შემდეგს
بسم الله الرحمن
الرحيم
امر اتخاذ هذا الباب مولانا الامير استاد
الاجل شاور بن الفضل ادام الله سلطانة[ه]
يدى القاضى ابى الفراج محمد بن عبد
الله ادام الله توفيق[ه]
عمل ابراهيم عثمان بن ملاكون
الحداد [سنت] خمسة و خمسون و اربعمائة
ტექსტის თანამედროვე თარგმანი:
სახელითა მოწყალისა და მნწყალობელისა ალაჰისა
ეს კარიბჭე აგებულია ჩვენი უფლის, მეთაურის და ბრწყინვალების შავურ ბინ ალ-ფადლისთვის,
– ალაჰმა დიდხანს ამყოფოს მისი უმაღლესობა.
მეოხებით აბი ალ-ფარაგ მუჰამმად ბინ აბდალლას მიერ
– ალაჰმა წყალობა მისცეს.
აგებულია მჭედელი იბრაჰიმ ბინ უთმან ბინ მალლაქუნის მიერ 455 (1063) წელს.

ნაწილი V

განვაგრძობ გელათის გარშემო ტრიალს
ჯერ კიდევ მოსაყოლი გვაქვს ბევრი რამ… და ყველაზე მნიშვნელოვანი – გელათის მოზაიკა. მივყვეთ ნელ-ნელა.

იესოს მსჯავრის გამოტანა

ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო XVI საუკუნის ფრესკას მთავარი ტაძრის ინტერიერის დასავლეთ ფასადზე.
წარმოდგენილია იესო ქრისტესთვის მსჯავრის გამოტანის სცენა. ხედავთ ტახტზე მჯდომ პილატეს, რომელიც “ხელებს იბანს”.
ამ ფრესკაში არაფერი იქნებოდა გამორჩეული თუ არა პილატეს იერსახე. დააკვირდით მის წვერ-ულვაშს, ჩალმას, წვეტიან ფეხსაცმელს (ზუსტად რა ჰქვია არ მახსოვს) და ხალათს. რატომ გადაწყვიტა მხატვარმა მსგავსი სახით წარმოეჩინა მოსამართლე?
XVI საუკუნე ეპოქაა ოსმალების თარეშის მთელ დასავლეთ საქართველოში. ისინი წარმოადგენდნენ სერიოზულ ძალას იმ პერიოდისთვის. რა აქვთ საერთო პილატეს და ოსმალებს? ორივე მათგანი უარყოფითი პერსონაჟებია ქართველებისთვის და მთლიანად საქრისტიანოსთვის. ქტიტორმა გაითვალისწინა რა ეს ფაქტი, ოსმალური იერსახით წარმოგვიდგინა პილატე, როგორც უარყოფითი პერსონაჟი.
აქვე დავამატოთ ის, რომ მუსულმანები არ აღიარებენ ხატს და ფრესკას, მეჩეთშიც მხოლოდ წარწერები და ორნამენტებია გამოსახული. ცხოველი, მცენარე და სხვა მსგავსი მათთვის არანაირ დატვირთვას არ ატარებდა რელიგიური დანიშნულების შენობებში. შესაძლოა სწორედ ამიტომ გადარჩა ბევრი ფრესკა განადგურებას. ისინი უბრალოდ მათ ყურადღებას არ აქცევდნენ. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი იყო მათი ინტერესის საგანი.

ნაწილი VI


გელათის აკადემია

ამჯერად გელათის აკადემიის ჭიშკარზე მინდა მივმართოთ ჩვენი ყურადღება. როგორც იცით აკადემია ორსართულიანი ნაგებობა იყო და სამი შესასვლელი ჰქონდა – ერთი მთავარი, ორი დამხმარე. ეს უკანასკნელნი (აქეთ-იქით) ამოაშენეს (XVI ს.) და დატოვეს ერთი მთავარი შესასვლელი, რომელსაც გრანდიოზულობის ხაზსგასმის მიზნით მიუშენეს თაღოვანი შესასვლელი. ეს ყველაფერი ხდება XVI საუკუნეში, გელათის მეორედ “აშენების” პერიოდში.
შესასვლელის თავზე ხედავთ გელათის აკადემიის სიმბოლოს, რომელზე სხვა პოსტში აუცილებლად ვისაუბრებთ. თაღოვანი მინაშენის ცენტრში ჩამოკიდებული ზარი დღეს უკვე აღარ არსებობს.

გელათის აკადემიის ჭიშკარი

მაგრამ ამჯერად მინდა სულ სხვა რამეს დავაკვირდეთ: შესასვლელის ოთხი სვეტი.
ვეძებდი ამ სვეტების სურათებს ინტერნეტში მაგრამ ვერსად მივაგენი. მერე გადავქექე ჩემი ალბომები და აღმოვაჩინე ესენი. დააკვირდით! შეამჩნევთ, რომ ოთხივე სვეტი ფორმითა და მოყვანილობით განსხვავდება. უკვე სიანტერესოა – რატომ?
გვყავს ოთხი მახარებელი, ოთხი სახარების ოთხი ავტორი – შესაბამისად, სვეტებიც მათ სახელზეა აგებული
უფრო ზუსტად,
პირველი სვეტი ჩვენგან მარჯვნივ, არის მარკოზის სახელობის.
პირველი სვეტი ჩვენგან მარცხნივ არის ლუკას სახელობის, ნახავთ მრავალწახნაგოვან სვეტს.
მეორე სვეტი ჩვენგან მარჯვნივ ცილინდრული ფორმისაა და არის მათეს სახელობის.
ხოლო მეორე სვეტი ჩვენგან მარცხნივ 8-ცილინდროვანია და არის იოანეს სახელობის.
რა რატომ შეესაბამება შესაბამისი სახელები სვეტებს? ეს მიგნება ჩვენს თანამედროვე მკვლევარს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად ცოცხალი აღარ არის მაგრამ საკუთარი ცოდნა და მოსაზრებები შთამომავლობას ზეპირსიტყვიერად დაგვიტოვა.

გელათის აკადემიის ჭიშკარი

ამჯერად გეტყვით მხოლოდ ერთ რომელიმე სვეტზე. მარკოზის სვეტი – მარჯვენა პირველი, ნახავთ რომ სვეტზე გამოსახულია ლომის ფიგურა, რომელიც ქრისტიანულად არის მარკოზის სიმბოლო (პ.ს. ლუკას სიმბოლო არის ხარის თავი, მათეს სიმბოლო – ფრთსოსანი ყმაწვილი და იოანეს სიმბოლო – არწივი). ცილინდრულს რატომ ქვია მათეს სვეტი, მრავალწახნაგას რატომ ქვია ლუკას სვეტი და 8-ცილინდრიანს რატომ ქვია იოანეს სვეტი ამას უკვე იქ რომ ვიქნებით მაშინ მოგიყვებით

ნაწილი VII


გელათის აკადემიის სიმბოლო

ამჯერად გელათის აკადემიის სიმბოლოზე გავამახვილოთ ყურადღება.
ეს სიმბოლო შეიცავს რამდენიმე ელემენტის გაერთიანებას. შუაგულში წარმოდგენილი ბორჯღალი მარადიულობას, უკვდავებასა და ცოდნას განასახიერებს, რომელიც ჩასმულია მხედრული დამწერლობის იოტისებური (ჲ) ფორმის მოხაზულობაში. იგი მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილია, როგორც ღმერთის მარადიული ჭვრეტის, კაცთა შორის უფალი იესო ქრისტეს ძე ღმერთად გამოცხადების, სათნომოყვარეობისა და სარწმუნოების სიმბოლო, ამ მხრივ ის წარმოადგენს კლდეს, რომელზედაც მაცხოვარმა დააშენა თავისი ეკლესია, და ესეც გამოხატულია იოტაზე (ჲ) დადგმული ცისკენ მიმართული სახლის ბარელიეფური პიქტოგრამის სახით. ყოველივე ამ ფორმას იმეორებს და გერშემოწერს იგივე ფორმის ჩარჩო, რაც აღიქმება როგორც სიმტკიცე და სარწმუნოების უეჭველობა. და ასევე რა თქმა უნდა  სიმბოლო მთლიანობაში განასახიერებს გადაშლილ წიგნს, საიდანაც ანათებს ცოდნისა და სიმართლის მზე.

ნაწილი VIII


გელათის მოზაიკა

ამჯერად მინდა თქვენი დაჟინებული მზერა და მთელი ყურადღება შევაჩერო გელათის მოზაიკაზე.
მინდა თავიდანვე აღვნიშნო, იმ პერიოდში მოზაიკური მხატვრობა საკმაოდ დიდი პრიორიტეტი იყო და მხოლოდ ძალიან შეძლებულ, ოსტატებით დატვირთულ და მნიშვნელოვან ობიექტებს შეეძლოთ მოზაიკის შექმნა. მაშინდელ მსოფლიოს არც საქართველო ჩამორჩებოდა და ჩვენთანაც მოგვეპოვება მონუმენტური ნიმუშები მაგალითად წრომში, ბიჭვინთაში, მცხეთის ჯვარზე, მაგრამ ამათგან ყველაზე უკეთ და შედარებით სრულად შემოგვრჩა გელათის მოზაიკური მხატვრობა. გავრცელებული აზრის თანახმად, გელათის მოზაიკა ბიზანტიურ გავლენას განიცდის, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე დეტალებში ვლინდება. ძირითადად დამახასიათებელია ქართული ეროვნული სული და სტილი. ოვალური სახე, ცხვირი, ქვები, დინამიურობა და ა.შ. ხაზს უსვამს მის დამოუკიდებლობას და ინდივიდუალობას მსოფლიოს ცნობილ მოზაიკურ მხატვრობასთან შედარებით და აშკარად განასხვავებს ბიზანტიური ფრონტალობისგან.
მოზაიკა მდებარეობს გელათის მთავარი ტაძრის საკურთხევლის კონქში. როგორც ალბათ შეამჩნევდით, მოზაიკას ქვედა ნაწილში ცვლის XVI ს. მხატვრობა, ამით ის ხდება უნიკალური – მოზაიკის და ფრესკის შერწმა.
მოზაიკა იქმნებოდა დავითის ძის, დემეტრეს გამეფების პირველ ხუთ წელიწადს, ეს იყო 1125-30 წლები. მის შექმნაში გამოყენებულია მილიონ რვაასი ათასამდე კენჭი /კ.ბაკურაძე/, ზოგი ცნობით ორიდან სამ მილიონამდე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კენჭებს არ ახასიათებთ რომელიმე კონკრეტული ფორმა, ზოგი შეიძლება იყოს ოთხკუთხედი, ზოგი – სამხუთხედი, მრავალწახნაგა და ა.შ. ეს დამოკიდებული იყო ოსტატის გადაწყვეტაზე და მხატვრობის მოთხოვნებზე. მასალად გამოყენებულია ძალზედ მცირე ზომის, მდიდრული ელფერის სმალტი, მოვარდისფრო ქვიშაქვები და გიშერი. მოზაიკა გამოირჩევა მჭიდრო და საგულდაგულო წყობით, კენჭების წყობა უფრო მჭიდროა, ვიდრე კონსტანტინოპოლის ცნობილი აია სოფიას ტაძარში. ესეც კიდევ ერთი გამორჩევა.
ღვთისმშობლის ფიგურა ყრმა იესოთი, რომელსაც მთელ კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს, ოდნავ მობრუნებულია მარჯვნივ და ერთგვარად ბუნებრივი მოძრაობით ხასიათდება. აქ პირველადაა დარღვეული საზეიმო მონუმენტალობა და მოზაიკის მხატვრობაში დინამიკურობაა მიღწეული. ამ მხრივ გვერდს ვუვლით ბიზანტიურ და მაშინდელი მსოფლიოს მოზაიკური მხატვრობის სტილს. ეს გახლავთ იმ დროის ინოვაცია – სამგანზომილებიანი მოზაიკა.

მთავარანგელოზი მიქაელი


მთავარანგელოზი გაბრიელი

გელათის მოზაიკაზე გამოსახულია მარცხნივ მთავარანგელოზი მიქაელი, თავისთვის დამახასიათებელი მკაცრი იერსახით, ხოლო მარჯვნივ მთავარანგელოზი გაბრიელი რბილი და მოწყალე სახით. მათი შემოსვა განსხვავებულია და იგრძნობა მთავარანგელოზ მიქაელის მწვანე ფერის საკოსის და მდიდრულად ქვებით მორთული ლორონის სიმკვეთრე, ხოლო მთავარანგელოზი გაბრიელი ძირითადად სადად და ერთფეროვნად წარმოგვიდგება. ორივე მათგანს ხელში სფერო და ლაბარუმი (დროშა) უპყრიათ. მივაქციოთ ყურადღება მთავარაგნელოზების და ღვთისმშობლის ფერებს. ფრესკების კანონიკურ წერაში მიღებულია ლურჯი ფერი, როგორც ადამიანური ბუნების გამომხატველი. ღვთისმშობლის ლურჯი სამოსით ხაზგასმულია, რომ მან ღმერთი, ზეციური მეუფე შვა და თვითონაც განიღმრთო ამ მისიის აღსრულების შედეგად. მუქ-ლურჯ სამოსში გამოწყობილი ღვთისმშობელი ამ ფონზე უფრო ხორციელ არსებად გამოიყურება მთავარანგელოზების ფიგურებთან შედარებით, რომლებიც ღია ფერის ტანსაცმლისა და ოქროსფერის სიუხვის წყალობით დიდებულად და ზეციურად წარმოგვიდგებიან.

გელათის მოზაიკა. ღვთისმშობლის სახე

მინდა ყურადღება მივაქციოთ იესო ქრისტეს სახის და შარავანდედის მოჭიქულობას – უნდა აღინიშნოს, რომ მოზაიკის ეს ნაწილი შემკობილია მასში გამოყენებული ყველაზე ძვირფასი ქვებით.
რაც შეეხება გელათის მოზაიკის ზომებს და მის ქვეშ განთავსებულ წარწერას, ამიშ შესახებ უკვე ადგილზე მოგიყვებით.

ნაწილი IX

მეგობრებო, კიდევ ერთ ელემენტს გაგაცნობთ გელათის მთავარი ტაძრის, და მგონი ამით მოვრჩები ჩემს “ფეისბუქ გამოსვლებს” გელათის კომპლექსის გარშემო. დანარჩენს უკვე ადგილზე შევავსებ ვისაც გექნებათ ინტერესი ჩემს ჯგუფში მოხვედრის.

ამ ფოტოზე ორი ლამაზი ქალბატონის, უნიჭიერესი ხელოვნებათმცოდნისა და მინისტრის ექს-მოადგილის ფონზე მარცხენა მხარეს ტაძრის სვეტის ჩრდ. კედელზე გამოსახულია გაენათელი მიტროპოლიტი ზაქარია ქვარიანი. გელათის ეპისკოპოსი იყო 1637-60 წლებში, ხოლო დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1657-60 წლებში.
გახლავთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ისტორიული საეკლესიო ფიგურა. აქ აღარ დავაწვრილმანებ მის ღვაწლს და ამაგს, ვიკიპედიაშიც ნახავთ. მხოლოდ მინდა აქცენტი გავაკეთო მისი საფლავის ქვის წარწერაზე. ეპისკოპოსი 1660 წელს გარდაიცვალა და დაკრძალეს იქვე, გელათში, ტაძარში ჩრდილოეთ სამლოცველოში. აქ საკმარისი იქნება იმის თქმა, რომ ზაქარია ქვარიანს დიდი წვლილი მიუძღვის გელათის სამარხების და იქ დაცული სიწმინდეების დაცვა-შენარჩუნებაში. სანამ უშუალოდ ეპიტაფიას შევეხებით ოდნავ გადავუხვევ და გავიხსენებ ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც ძალიან მონდომებული იყო გელათში გათხრების წარმოების დაწყების და თამარის საფლავის აღმოჩენის. ამ მიზნით მან ნებართვაც კი მოიპოვა მთავრობისგან და ქუთაისის საეპისკოპოდანაც და 1920 წელს დაიწყო კვლევა-ძეიბანი, მაგრამ უშედეგოდ. გათხარა მხოლოდ ერთი საფლავი. პ. ჭაბუკიანი გადმოგვცემს – “ე.თაყაიშვილმა გათხარა მხოლოდ მარიამ დედოფლის საფლავი, მეორე საფლავი, რომელშიც მარხია თამარი, ვეღარ გახსნა, რადგანაც სამღვდელოებამ მას ცილი დასწამა: გელათის საფლავებში ოქროს ეძებსო. ამიტომ ექვთიმე იძულებული გახდა, გათხრებზე ხელი აეღო”.
რამდენად მართალია ეს ვერსია, რომ თითქოს სამღვდელოებამ მას ცილი დასწამა, გელათის საფლავებში ოქროს ეძებსო, ამის გადამოწმება დღეისათვის ძნელია. მაგრამ არსებობს გადმოცემაც, რომ მომუშავე ექსპედიტორებს შესვენების ჟამს იქ მყოფთ წაუკითხავთ გელათის ჩრდილოეთ მინაშენის კარიბჭეში დაკრძალული ზაქარია ქვარიანის საფლავის ქვაზე გაკეთებული წყევლა-კრულვიანი წარწერა: „ქრისტე ღმერთო, შეიწყალე კათალიკოსი ზაქარია. ესე საფლავი ჩემი არის და ვინცა ეს ჩემს უკან გახსნას, შეჩვენებულ იყოს…“

მადლობა ყურადღებისთვის!

ლიტ. წყარო: ქართული/უცხოური ინტერნეტსივრცე და ზეპირი გადმოცემები.

ფოტოები: პირადი არქივი და ასევე ინტერნეტსივრცე.

Advertisements

7 thoughts on “გელათის კომპლექსი – რამდენიმე საინტერესო ცნობა

  1. უნდა გითხრათ, რომ კარები გელათში არის არა დარუბანდის, რაც უხეში შეცდომაა, არამედ განჯის. ის მოხსნე განჯაზე 1139 წის ლაშქრობის დროს ივანე აბულეთისძემ.არაბული წარწერა რამდენჯერმეა გამოქვეყნებული, ხოლო მისი ქართული თარგმანი არაზუსტია.

    Date: Fri, 21 Aug 2015 11:03:07 +0000
    To: gochaj@hotmail.com

    • გეთანხმებით ამ შეცდომის გამო. ჩავასწორებ ეხლავე. რაც შეეხება არაბულ წარწერას, თუ გაქვთ რესურსები მისი სრული თარგმანის ან თავად მოვიპოვებ შევასწორებ მასაც აუცილებლად.

  2. ფრესკაზე სადაც გიწერიათ “მამა ღმერთი” უნდა გეწეროთ იესო ქრისტსე-ძე ღმერთი, მისი განსხვავებული იკონოგრაფიული სახე, როგორც მოხუცის, აღნიშნავს მის მარადიულობას, “ის რომელიც არის”, ამიტომ ამ ხატს ეწოდება “ძველი დღეთა” – იესო ქრისტე როგორც მარადიული ღმერთი. ხატწერაში მამა ღმერთი წესით საერთოდ არ გამოისახება.

    • კახა,იქნებ გრაალის თემასაც დაუთმოთ ცოტა დრო.არსად არ არის თასები ისეთი სიუხვით ფრესკებზე,როგორც გელათში .:-)

  3. მაინტერესებს, რომელი ფრესკებია გელათში ყველაზე ძველი. რამდენადაც მახსოვს მოხატულობა მე14 – მე- 16 საუკუნეს განეკუთვნება. მე14 საუკუნის რომელია, ხომ ვერ მეტყვით?

    • ნონა თვითონ მოზაიკა არის ყველაზე ძველი. მე-12 საუკუნის ანუ 1125-30 წლების. და კიდევ, შესასვლელში არის იმავე საუკუნის ფრესკები შემორჩენილი. ძნელად გაირჩევა მაგრამ საეკლესიო კრებაა გამოსახული სიგრძეზე. თვითონ ეს შესასლელიც XII საუკუნეშია მიშენებული. შემდეგი ყველაზე ძველ ფრესკად შეიძლება მივიჩნიოთ დავით ნარინის ფრესკა რომელიც მე-13 საუკუნისაა და ეკლესიის სამხრეთ სამლოცველოშია, რომელიც მუდმივად ჩაკეტილია.
      რაც შეეხება მე-14 საუკუნის ფრესკებს. ამ დროისა შემორჩენილია სამხრეთ სამლოცველოში შესასვლელი კარის თავზე არსებული ფრესკა და საკურთხევლის ქვედა მხარეს არსებული ფრესკები. მაგრამ ეს უკანასნკელნი მე-16 ს-ში არიან განახლებულნი.

  4. თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ სავარაუდოდ რომელი ისტორიული პიროვნების სახეა გამოყენებული გელათის ღვთისმშობლის მოზაიკაში? ვინ ივარაუდა ეს და რამდენად შეიძლება ამის ვარაუდი?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s