სვანეთის ეკლესიები

OLYMPUS DIGITAL CAMERA
სვანეთის კულტურული გარემო და განსაკუთრებით მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში შემავალი ღირსშესანიშნაობები სრულიად უნიკალურია. სვანეთში დღემდე შემორჩენილია X-XIII საუკუნეების 70-ზე მეტი ეკლესია, საკულტო ნაგებობა და 240 კოშკი. პირობითად 70 თუმცა დამეთანხმებით, სალოცავები და ბაზილიკური ტიპის ტაძრები სვანეთის სოფლებში გაცილებით მეტი რაოდენობითაა, ვიდრე ცნობილია.
აქ თავმოყრილია სხვადასხვა ტაძრის მოკლე ისტორია და ინფორმაცია მათი მოხატულობის შესახებ. ყურადღებას მიაქცევთ, რომ არცერთ ფოტოზე მოხატულობის ნიმუშები წარმოდგენილი არ არის, თუმცა შემეძლო რამდენიმე ფრესკის სურათის ატვირთვაც. ამ ფაქტს ვხსნი ორი მიზეზით, პირველ რიგში იმით, რომ მინდა თავად წახვიდეთ და დაათვალიეროთ სვანური სკოლის შესანიშნავი ფრესკული მხატვრობა და ადგილზევე განიცადოთ და შეიგრძნოთ მისი სიდიადე. და მეორე, შედარებით არადამაჯერებელი მიზეზი, ფრესკების ფოტოები ძნელი მოსაპოვებელია მათი არარსებობის ან სიმცირის გამო. როგორც ქვემოთ წაიკითხავთ მიხვდებით, რომ სვანეთის ტაძრებში თავმოყრილია უამრავი განძი (თუმცა ძირითადად მესტიის მუზეუმშია გადატანილი), ამიტომ ტაძრები უმეტესად დაკეტილია და გასაღებები ადგილობრივებს აქვთ. ამის გამო მიზანშეწონილად მივიჩნიე მათი საკონტაქტო ნომრების დამატებაც.

სეტის წმ. გიორგის ტაძარი
საკონტაქტო პირი მევლუდ მჭედლიანი, 595 38 46 44
ტაძარი სვანეთის საერთო სალოცავს წარმოადგენდა. აქ დასვენებული იყო ადგილობრივ სახელოსნოებში შესრულებული ჯვარ-ხატები. აქ ინახებოდა “ბედნიერი სვანეთის ერთობლივი დროშა – ლემი”. ტაძრის XI ს-ის საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი ქართული ჭედური ხელოვნების მაღალმხატვრული ნაწარმოებია. მაცხოვრის დიდი ზომის ხატი X ს-ის ტიპიური ნიმუშია, აქვეა წმ. პავლეს პატარა ლორფინი, სკულპტურული გადაწყვეტის საწყისი ეტაპის შესანიშნავი ნიმუში.

Lamaria Church. Ushguli

ლამარია შხარა ფონზე, X ს. უშგული

უშგულის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი – ლამარია
საკონტაქტო პირი რეჯიბ ჩანქსელიანი 0790 50 47 58, 598 23 98 36
დარბაზული ტიპის ლამარიას ტაძარი აშენებულია X ს-ში. მოხატულობიდან ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებული ჯვარცმის კომპოზიცია, ფიგურათა ექსპრესია გამოხატულია ჟესტიკულაციის ხაზგასმით და სახეთა ნაკვთებში, რომლებშიც ვლინდება სვანეთის მხატვრობისათვის დამახასიათებელი ტიპაჟები. 28 აგვისტოს აქ იმართება საეკლესიო დღესასწაული მარიამობა.

kala

კვირიკე XII ს. და უშბა ფონზე

კალას კვირიკე და ივლიტას ტაძარი
საკონტაქტო პირი რიჩარდ გირგვლიანი 599 21 36 08
ტაძარი მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1112 წელს. ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის წინ ქვის კვარცხლბეკზე ამაღლებული, ოქროში მოვარაყებული, ვერცხლით მოჭედილი დიდი ჯვარი. მოხატულობა მონუმენტური და დინამიურია. ინტერიერის კედლები დანაწევრებულია პილასტრებითა და თაღებით. კამარაზე სახარების ოთხი სცენაა გამოსახული – შობა და ნათლისღება აღმოსავლეთ მხარეს, ჯვარცმა და ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა – დასავლეთის მხარეს. 28 ივლისს აქ იმართება საეკლესიო დღესასწაული კვირიკობა

ლანჩვალის მთავარაგნელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი მურად მარგიანი 599 28 63 96
ტაძარი მდებარეობს მარგიანების საგვარეულო უბან ლანჩვალში, მესტიაში. სვანები მას მარგიანალ-თარინგზელს უწოდებენ. თავის დროზე იგი პატარა მუზეუმს წარმოადგენდა. ჭედური ხელოვნების მრავალ ღირსშესანიშნავ ძეგლს შორის აქ ინახებოდა აღსაყდრებული მაცხოვრის XI ს-ის ხატის საუკეთესო ნიმუშები, შესრულებული გიორგი გვაზავისძის მიერ ივანე დორაბელის ძის დაკვეთით. ხატი დაზიანებულია და ამჟამად ინახება მესტიის მუზეუმში.

lagamis feriscvaleba

ლაღამის ეკლესია X ს.

ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი
საკონტაქტო პირი რევაზ ხოჯელანი 595 69 14 35
X საუკუნეში აგებულია მცირე ზომის სამლოცველო, რომელიც XIV საუკუნეში გაუფართოვებიათ და ზემოდან მეორე სართული დაუშენებიათ. ქვედა ეკლესიაში მოხატულობის ორი ფენა განირჩევა – თავდაპირველი X-XI საუკუნეების მიჯნაზე და მოგვიანებით, XII ს-ში მოხატული. XIV ს-ში ზედა ეკლესია აშენებისთანავე მოუხატავთ. ტაძარში ამჟამად მხოლოდ ერთი  – აღსაყდრებული მაცხოვრის ხატი ინახება. მთელი განძეულობის მნიშვნელოვანი ნაწილი (XI-XIII სს) დაცულია მესტიის მუზეუმში.

კაიშას მთავარანგელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი ოთარ ჩხვიმიანი 595 97 55 02, 0790 76 45 40
სვანები ამ ტაძარს კაიშე თარგზელის სახელით იხსენიებენ. მხატვრობა შესრულებულია XIV ს-ში. საკურთხევლის კონქში სამფიგურიანი ვედრების კომპოზიციაა. კამარის მოხატულობა არ არის შემორჩენილი. სამხრეთის კედელზე ტრადიციული წმინდა მეომრები – წმ. გიორგი და წმ. თევდორე, ჩრდილოეთის კედელზე კი წმ. ევსტათეს ნადირობის სცენაა გამოსახული.

svifi

სვიფის წმ. გიორგი XII ს.

სვიფის წმ. გიორგის ტაძარი
საკონტაქტო პირი იაროსლავ ჩხეტიანი 595 51 51 32
ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია XII ს-ის მხატვრობის ნაშთები: ძველი აღთქმის სცენა  – აბრაამის სტუმართმოყვარეობა, მის ქვევით წმინდა მხედრები – წმ. გიორგი და წმ. თევდორე, მათ შორის კი ფეხზე მდგომი წმ. დემეტრე. ინტერიერის მოხატულობაში გაირჩევა 2 ფენა: X-XI სს და XIV ს-ში შესრულებული ნიმუშები.

ფხოტრერის მთავარაგნელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი  გურამ ქანცლიანი 0790 12 95 80, 596 12 05 80
ტაძარი აგებულია X საუკუნეში. ყურადღებას იმსახურებს სამხრეთის შესასვლელის XI ს-ის ხის კარი. იგი იმ ეპოქის ხის კვეთილობის ბრწყინვალე ნიმუშადაა მიჩნეული. ტაძარში ინახება ათამდე ხატი: იონას ჭედურობებით შესრულებული ხატი, მთავარანგელოზთა XII-XIII სს ფერწერული ხატი, XIV ს-ის მაცხოვრის, წმ. პავლე მოციქულის და მთავარანგელოზების ხატები.

ქურაშის წმ. გიორგის ტაძარი
საკონტაქტო პირი ვახტანგ ხორგუანი 599 74 46 63, 599 40 55 68
სოფელ ბარში (ეცერის თემი) დღემდე შემორჩენილია დადეშქელიანების ყოფილი რეზიდენციის ნანგრევები. ეკლესია მოხატულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე. ყურადღებას იმსახურებს წმინდა დედათა ეკატერინესა და ბარბარეს წელზევით გამოსახულებანი ადგილობრივი ტიპებისათვის დამახასიათებელი სახეებით. მხატვრობა დაზიანებულია ნაკაწრებით. ტაძარში დაცულია ხელნაწერი ოთხთავი.

უღვალის წმ. გიორგის ტაძარი
საკონტაქტო პირი რამაზ უმფრიანი 598 27 22 17
ტაძარი აშენებულია ადგილობრივი მკვიდრის, ანტონ უმფრიანის დაკვეთით. ანტონის და მისი ძმის, მიქაელის ფიგურები ჩრდილოეთის კედელზეა გამოსახული. ტაძარს ამშვენებს ლითონით მოჭედილი კარი ცხოველთა, ადამიანთა და ასტრალური ნიშნების გამოსახულებებით, რაც ძალიან იშვიათია საქართველოში.

choxuldi

ჭოხულდის მაცხოვარი XIII ს.

ჭოხულდის მაცხოვრის ტაძარი
საკონტაქტო პირი ლიზა კვიციანი (ტელეფონი არ აქვს, ტაძრის პირდაპირ ცხოვრობს)
ბეჩოს თემის სოფელ ჭოხულდში მდებარე ეს ტაძარი მოხატულია XIII ს-ში ადგილობრივ სახელოსნოში ნასწავლი ოსტატის მიერ. მოხატულობა შესრულებულია გამარტივებული მანერით და სახეთა თავისებური უშუალო გამომხატველობით. საკურთხეველში წარმოდგენილია ვედრების კომპოზიცია ანგელოზთა დასის გამოსახულებით, რომელიც დამახასიათებელია XII-XIII ს-ის სვანეთის კედლის მხატვრობისთვის.

ლაბსყალდის მთავარანგელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი ლილე გუგუსიანი 0790 08 65 86, 598 66 09 64
ტაძრის ჭედური ხელოვნების ძეგლთა უმეტესობა შერსულებულია XII-XIII საუკუნეებში ოქრომჭედელ მიქაელ თომანიანის მიერ. ჯვრებს შორის გამორჩეულია საკურთხევლის წინა ჯვარი, იგივე მფრინავი ჯვარი, რომელიც დაბმულია ჯაჭვით და საწინამძღვრო ჯვარი. მასზე გამოსახულ ჯვარცმულ ქრისტეს არ ეტყობა ტანჯვა, რაც ძალიან იშვიათია.

ლატალის_ეკლესია

ლატალის მაცხვარიში XII ს.

მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
საკონტაქტო პირი რიჩარდ გირგვლიანი 599 21 36 08
ლატალის სოფელ მაცხვარიშში მდებარე ეს ტაძარი მოხატულია დემეტრე I მეფობის დროს 1140 წელს მიქაელ მაღლაკელიძის მიერ. ჩრდილოეთის კედლის მოხატულოობა გადმოგვცემს მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს – დემეტრე I მეფედ კურთხევის ცერემონიალს. ტაძარში დაცულია XII-XIII სს მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და ჯვარცმის ფერწერული ხატები, იოანე წინასწარმეტყველის ხატი შესანიშნავი ასომთავრული წარწერით.

macxvarishi mtavarangelozi latali

მაცხვარიშის მთავარანგელოზი

მაცხვარიშის მთავარანგელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი კიაზო გირგვლიანი 599 28 26 39
ტაძრის მხატვრობა XVI საუკუნეს მიეკუთვნება და ტრადიციულ იკონოგრაფიულ სქემას მიყვება. ვედრების ნაცვლად მოთავსებულია X-XI სს დამახასიათებელი კომპოზიცია – ქრისტე მთავარანგელოზთა ამალით. კამარის გასწვრივ მოთავსებულია ქრისტეს ამაღლება – მოხუცი თეთრი თმებით და წვერით, დასავლეთის კედელზე შესასვლელის მხარეს განთავსებულია წმინდა დედანი.

ლაჰილის სალოცავები
საკონტაქტო პირი როლანდი გირგვლიანი 598 41 74 28
ლატალის თემის სოფელ ლაჰილში ამჟამად ერთი პატარა წმ. გიორგის სახელობის XIX ს-ის ქვით ნაშენი ტაძარი დგას. ეკლესიაში შემონახულია სამი ძველი დანგრეული ეკლესიის განძეულობა – X-XII საუკუნეების სვანურ სახელოსნოებში შესრულებული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები.

ienashi

იონა წინასწარმეტყველი

იენაშის იონა წინასწარმეტყველის ტაძარი
საკონტაქტო პირი ამირან ფარჯიანი 599 32 12 54
ლატალის სოფელ იენაშში მდებარე ტაძრის მოხატულობა XIV საუკუნეს მიეკუთვნება. სამხრეთის კედელზე გამოსახულია იონა წინასწარმეტყველის ცხოვრების ამსახველი ეპიზოდი – ხსნა ვეშაპისაგან. აღსანიშნავია XI ს-ის მაცხოვრის დიდი ზომის ხატი, მთლიანად ვერცხლით მოჭედილი და ოქროთი დაფერილი. XI ს- მაცხოვრის ხატზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ ყველა დაკარგული ნივთი დაუბრუნდა ტაძარს.

ლახუშდის მაცხოვრის ტაძარი
საკონტაქტო პირი მამა ეგნატე 551 25 62 77
ტაძარში შემორჩენილია მღვდელთმსახურების ორ ათეულამდე ნივთი, რომელთა მეტი ნაწილი დაზიანებულია. ტაძარში დაცული ჭედური და ფერწერული ხატები და ჯვრები XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ხატების უმეტესობას ღვთისმშობლის ფერწერული ხატები შეადგენს, რომლებიც მოგვიანებითაა მოჭედილი.

თანღილის მთავარანგელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი  მალხაზ ჩამგელიანი 591 29 49 50
ტაძარი მდებარეობს ლატალის სოფელ ლახუშდის ტყიან ქედზე. მოხატულობა შესრულებულია XIII ს-ში ორი ნიჭიერი ოსტატის მიერ ხალხური მანერით. კამარასა და კედლებზე საუფლო დღესასწაულთა რვა სცენა ორ რეგისტრადაა შესრულებული. წმინდანებიდან მხოლოდ წმ. გიორგია წარმოდგენილი გამოსაჩენ ადგილას, რაც მოწმობს წმ. გიორგის კულტის განსაკუთრებულ პოპულარობას სვანეთში. ტაძარში ინახება ადგილობრივ სახელოსნოებში შესრულებული ფერწერული ხატები.

lashtxveris mtavarangelozi gare mxatvroba

ლაშდღვერის მთავარანგელოზი, სამხრეთ ფასადი

ლაშდღვერის მთავარანგელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი მამა ბასილი 595 18 26 68
ლენჯერის სოფელ ლაშდღვერში მდებარე ტაძრის ზედა ნაწილი შელესილია და მხატვრობითაა შემკული. ჩრდილოეთის ფასადზე გამოსახულია ბატალური სცენები “ამირანდარეჯანიანის” ეპოსიდან, სამხრეთის ფასადზე – წმ. ევსტათის ნადირობა, დასავლეთის ფასადზე – ვედრების კომპოზიცია. მოხატულობაში გამოიყოფა სამი წმინდა მხედრის – გიორგის, თევდორესა და დემეტრეს გამოსახულებანი. ჩანს, რომ მათი კულტი გვიანფეოდალურ ეპოქაშიც ინარჩუნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

lashtxveris gabriel mtavarangelozi

ლაშდღვერის გაბრიელ მთავარაგნელოზი

ლაშდღვერის გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძარი
საკონტაქტო პირი  მამა ბასილი 595 18 26 68
სვანები მას “მხერის” – მახარობლის ტაძარს ეძახიან. ეკლესიის ქტიტორული წარწერა გვაუწყებს, რომ მისი აგების, მოხატვის და ჯვარ-ხატებით შემკობის მოთავე იყო ვინმე მიქელ იველდიანი. იგი ეკლესიის მოდელით ხელში გამოსახულია თავისი ოჯახის წევრებთან ერთად სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე. კანკელის ფილის მოხატულობაზე ამოკითხულ იქნა მხატვრის სახელი – დავითი. იველდიანთა გვარის შთამომავლები ეხლაც ცხოვრობენ ლენჯერის თემის სოფელ ლაშდღვერში.

lextagis eklesia

ლეხთაგი

ლეხთაგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
საკონტაქტო პირი მამა გიორგი 599 92 23 02
ტაძარი მდებარეობს მესტიაში, ჩართოლანების უბანში. მოხატულობა ფაგმენტებითაა შემორჩენილი. საკურთხევლის მეორე რეგისტრი ეთმობა ჩვილედი ღვთისმშობლის გამოსახულებას – მარიამი ეხვევა ყრმას და მას ანგელოზები სცემენ თაყვანს. მოხატულობა შესრულებულია XV ს-ში. მას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. დღევანდლამდე მოღწეულია მოხატულობის მხოლოდ ქვედა რეგისტრი, რომელშიც წარმოდგენილია ტაძრის აღმშენებელი დემეტრე ჩართოლანი და პირნათელ ჯაფარიძის ოჯახი.

იელის მაცხოვრის ტაძარი
საკონტაქტო პირი ადილარ ხვიბლიანი (ტელეფონი არ აქვს)
წვირმის თემის სოფელ იელში მდებარე ეს ტაძარი აგებულია X ს-ში. მისი შვერილი წახნაგოვანი აფსიდი გარედან თაღებითაა დამუშავებული. შუა თაღის ქვეშ არჩვის რელიეფური თავია მოთავსებული. ტაძრის XII საუკუნის მოხატულობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია დღემდე. ტაძარში ინახება ექვსი ფერწერული ხატი წმინდანების – გიორგის, მთავარაგნელოზის, ღვთისმშობლისა და ვედრების გამოსახულებით. ისინი ადგილობრივი ფერწერული სკოლის ნიმუშებია.

აცის მთავარაგნელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი გია კვებლიანი 598 44 46 86
დარბაზის ტიპის ტაძარი წვირმის თემის სოფელ აცის ამაღლებულ ადგილზე ტყეში მდებარეობს. ჩრდილოეთის კედლის წყობაში რიყის ქვა და ფიქალია შერეული, ხოლო ფიქალის დიდი ფილა გამოყენებულია სამხრეთი შესასვლელის არქიტავრად. ტაძრის ინტერიერის მოხატულობა ძლიერ დაზიანებულია. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხატში იგრძნობა ტრადიციულად ადგილობრივი ტიპის გადმოცემის სურვილი.

mulaxis macxovari

მულახის მაცხოვარი 

მულახის მაცხოვრის ტაძარი
საკონტაქტო პირი ბექა ქალდანი 598 76 04 05
მულახის თემის სოფელ ჟამუშში მდებარე ტაძრის XIII საუკუნის მოხატულობაში წარმოდგენილია საუფლო დღესასწაულთა სრული ციკლი განაწილებული კამარასა და კედლებზე. საბჯენ თაღებსა და პილასტრებზე XI-XII სს-ის ჩვეული ორნამენტული ზოლების ნაცვლად ადგილს იკავებენ ცალკეულ წმინდანთა ფიგურები. ტაძარში დაცულია X ს-ის წმ. გიორგის ჭედური ხატი და XVI-XVII სს-ის ხატები. მაცხოვრის ხატის ტაძრისთვის შემწირველია იმერთა მეფე გიორგი II. მეორე ხატის წარწერა იხსენიებს გედეონ მაჭავარიანს.

ჩვაბიანის მაცხოვრის ტაძარი
საკონტაქტო პირი შალვა ჭეხანი 599 48 96 59
ტაძარი აუშენებიათ და მოუხატავთ ვინმე ამაროდასა და მიქაელის სახსრებით ლაზარეს მამასახლისობისას, ბაგრატ III ზეობაში ე.ი. 978-1001 წლებში. მოხატულია მხოლოდ საკურთხევლის აფსიდი. კონქში წარმოდგენილია საზეიმო ხასიათის ქრისტეს დიდების კომპოზიციაც – ქრისტე მთავარაგნელოზთა ამალით. XIII ს-ში ეკლესია მეორედ მოუხატავთ. ამ დროს მიეკუთვნება აბსიდის შუბლზე წარმოდგენილი ვედრების კომპოზიცია.

chvabianis eklesia

ჩვაბიანის მთავარანგელოზი XII ს.

ჩვაბიანის მთავარანგელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი ჯოტო გიგანი 599 21 37 17
ტაძარი გიგანების საგვარეულო სალოცავს წარმოადგენდა. მისი მხატვრობა XII საუკუნეშია შესრულებული. ეკლესიაში ხალხური ოსტატის მიერ მოხატული რამოდენიმე ფერწერული ნამუშავარია. საკურთხევლის წინ აღმართულია დიდი ზომის ხის ჯვარი. მეორე – გაცილებით მცირე ზომის ხის ჯვარი კი კანკელის წინაა მოთავსებული. ჯვრების მოჭედილობა ფრაგმენტების სახით ინახება ეკლესიაში.

ჟაბეშის მაცხოვრის ტაძარი
საკონტაქტო პირი ზურიკო კახიანი 0790 58 11 02
ეკლესია X-XI სს-ის ნაგებობას წარმოადგენს. სამი ფასადის გაყოლებით მას თაღედი გასდევს. ამჟამად ეკლესიის მოხატულობიდან არაფერია შემორჩენილი. დარჩენილია მხოლოდ გარკვეული რიტუალის ჩატარების დროს ხმარებული ვერცხლის ნივთები: ვერცხლის პატარა კოვზი, ოქროთი დაფენილი ორი პატარა ვერცხლის ლანგარი – ერთზე ჯვარცმის და მეორეზე ღვთისმშობლის გამოსახულებით.

wvirmis eklesia

წვირმის მთავარანგელოზი IX ს.

წვირმის მთავარანგელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი გიგლა კორძაია 0790 13 98 36
წვირმის თემის სოფელ ზაგარში მდებარე ეს ტაძარი აგებულია IX ს-ში და ყველაზე ადრეული ძეგლია სვანეთის ტაძრებს შორის. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნიშაა. ასეთი გაფორმება საქართველოში VII ს-ში დამკვიდრდა. ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია, თუმცა შეიმჩნევა, რომ მისი ოსტატი მხატვარ თევდორეს ნამუშევრით იყო შთაგონებული. საკურთხეველს ამშვენებს წელზევით ფიგურებისგან შემდგარი ვედრების მონუმენტური კომპოზიცია. მთავარანგელოზების ფეხზე მდგარი ფიგურები კი კამარაზეა გადატანილი.

wvirmis-macxovris-feriscvalebis-eklesia
წვირმის მაცხოვრის ტაძარი
საკონტაქტო პირი მურთაზ ფანგანი 591 26 61 73
ტაძრის მოხატულობა შესრულებულია თევდორეს მოწაფის მიერ. ეკლესიაში ინახება ფერწერული ხატები და XII ს-ის დიდი ზომის საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი, რომელზედაც ჯვარცმის სცენაა გამოსახული. ტაძარში დაცულია ერთად გამოსახული წმ. მიქაელ და წმ. გაბრიელ მთავარანგელოზთა XI ს-ის ჭედური ხატი. შემონახულია სხვა ხატიც – ხეში ამოკვეთილი ამხედრებული წმ. გიორგის გამოსახულებით.

წვირმის წმ. გიორგის ტაძარი
საკონტაქტო პირი სერგო ფირცხელანი 0790 47 10 29
ტაძრის სამხრეთის კედელში სამი მოზრდილი წისქვილის ქვაა ჩატანებული, რაც შესაძლებელია წმ. გიორგის კულტთანაა დაკავშირებული. ეკლესიის მოხატულობა XII საუკუნეს მიეკუთვნება. აფსიდი მთლიანად უჭირავს ვედრების კომპოზიციას. სახარების სცენების გარდა სამხრეთის კედელზე წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს ჰერალდიკური კომპოზიციაა განთავსებული. დასავლეთის კედელზე დახატულია წმ. გიორგის წამების სცენა – ურმის თვალზე გაკვრა. ეკლესიაში ინახება წელზევით გამოსახული წმ. გიორგისა და მთავარანგელოზთა ფერწერული ხატები.

nakifari

ნაკიფარის წმ. გიორგი X ს.

ნაკიფარის წმ. გიორგის ტაძარი
საკონტაქტო პირი ია ჯაფარიძე 595 47 81 84
იფარის თემის სოფელ ნაკიფარში მდებარე ტაძარი X საუკუნეშია აგებული. იგი მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ. შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს კონქის გრანდიოზული კომპოზიცია, რომელშიც აქცენტირებულია მაცხოვრის უზარმაზარი ფიგურა. ინტერიერის მოხატულობა მოიცავს წმ. გიორგის და წმ. თევდორეს გამოსახულებას. წმ. გიორგის სასწაულმოქმედებას, წმ. გიორგის წამებას კირის ორმოში, ხვეტას რკინის ფოცხებით და თავის კვეთას. ტაძარში დაცული XI ს-ის წმ. გიორგის ხატი ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნაწარმოებია.

ჰადიშის წმ. გიორგის ტაძარი
საკონტაქტო პირი ომარ ქალდანი 0790 78 71 55
იფარის თემის სოფელ ჰადიშში მდებარე ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე მოჩანს წმ. გიორგის და წმ. თევდორეს გამოსახულებანი. ფასადის და ინტერიერის მხატვრობა შესრულებულია XI-XII სს-ის მიჯნაზე. ინტერიერის მოხატულობა გარდა საკურთხევლისა (ვედრება), მხოლოდ წმ. გიორგისთან დაკავშირებული სიუჟეტებითაა შემოსაზღვრული. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე გამოყოფილია წმ. გიორგის ორი ძირითადი სასწაული: ყრმის ტყვეობიდან გამოხსნა და მეფის ასულის გველეშაპისგან გადარჩენა.

ჰადიშის მაცხოვრის ტაძარი
საკონტაქტო პირი ომარ ქალდანი 0790 78 71 55
ტაძრის მოხატულობა ძლიერ გაშავებულია ჭვარტლისგან. იგი ქართული კედლის მხატვრობის XII-XIII სს-ის სტილის ნიშნებს ატარებს. შესრულების მაღალი პროფესიული დონე მოწმობს, რომ მხატვარს განათლება დედაქალაქის მხატვრულ ცენტრში მიუღია. ტაძარში დაცული ფერწერული ხატები XI-XII სს-ს მიეკუთვნება. XIII-XIV სს-ის ხატებში შენარჩუნებულია უშუალო გამომხატველობა და ექსპრესიულობა, რომელიც დამახასიათებელია ადგილობრივი სახელოსნოსთვის. უფრო გვიანდელი, XVI-XVII სს-ის ხატები ხელოსნური ნამუშევრებია.

xes barbares eklesia

ხეს წმ. ბარბარე XI ს.

ხეს წმ. ბარბარეს ტაძარი
საკონტაქტო პირი რაულ გულბანი 0790 71 29 90, 599 71 29 90
კალას სოფელ ხეში მდებარე ტაძარი აშენებულია XI ს-ში. მოხატულობის შესრულების სიბრტყობრივი გრაფიკული მანერა ხალხური ხელოვნების მკაფიო ნიმუშს წარმოადგენს. ოსტატი გიორგი, რომელსაც XIII ს-ში მოუხატავს ტაძარი, მხატვარ თევდორეს ნამუშევრებით იყო შთაგონებული. შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს წმინდანთა ფიგურები – მთავარაგნელოზები და წმინდა დედანი ეკატერინე და ბარბარე. მოხატულობას თავისებურ მომხიბვლელობას ანიჭებს ინტენსიური ფერადოვნება. ტაძარში ინახება იმავე ხანის მაცხოვრის ხატი.

იფრალის მთავარანგელოზთა ტაძარი
საკონტაქტო პირი უჩა მარგველანი 0790 57 47 83, 595 55 74 70
598 93 29 07, 591 15 44 13
კალას თემის სოფელ იფრალში მდებარე ტაძრის მოხატულობა შესრულებულია 1096 წელს მეფის მხატვარ თევდორეს მიერ. მხატვრობის ფერადოვანი გადაწყვეტის ერთიანობა მიღწეულია მოწითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი და მწვანე ფერადოვანი საღებავების რიტმული განაწილებით. ფერთა ამ გამაში კონქის კომპოზიცია გამოყოფილია ჟღერადი ფირუზისფერი ფონის საშუალებით. ფერწერულ ხატებს შორის ყურადღებას იპყრობს მთავარანგელოზის წელზევითი გამოსახულება. შერსულების გრაფიკული ხასიათი XII-XIII სს-ის ფერწერისთვის დამახასიათებელ მხატვრულ ნიშნებს შეიცავს.

chajashi

ჩაჟაში

ჩაჟაშის ქრისტიანული სიწმინდეების განძთსაცავი – მუზეუმი
საკონტაქტო პირი რიჩარდ გირგვლიანი 599 21 36 08
უშგულის თემის სოფელ ჟაშაშში (იუნესკო) მდებარე განძთსაცავში დაცული ნივთები ქართული ოქრომჭედლობის განვითარების სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება. ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ეტაპი – ადამიანის ფიგურების მოცულობით ფორმებში გამოსახვის ტექნიკა აისახა X ს-ის პატარა ვერცხლის ხატზე. მასზე ვხედავთ ორ მთავარანგელოზს შორის გამოსახულ ქრისტეს მაკურთხეველი მარჯვენითა და სახარებით.

 

 

წყარო
გამოყენებულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცემული ტურისტული ბროშურა, 2015 წ.
ფოტოები აღებულია ინტერნეტიდან.

8 thoughts on “სვანეთის ეკლესიები

  1. სვანეთში არსებულ სალოცავზე არაფერი იცით,სადაც უშვილო წყვილებს ლოცავენ ? არც სოფელი ვიცი არც ტაძრის სახელი ვერსად ვნახე ინტერნეტში ((

    • გამარჯობა,
      ეს ეკლესიებია: სოფელ ადიშში ლიჩანიშის წმ. გიორგის ეკლესია (სოფლიდან 5 კმ.-ა ფეხით სავალი) და კაიშეს მთავარანგელოზის ეკლესია – ამ ეკლესიის შესახებ წერია სტატიაში. აქ მისასვლელია სოფელ ღეშდერიდან, ტყეში ცოტ-ცოტა აღმართზე საათნახევრის სავალია.

  2. ჩამონათვალში არ არის უზველესი ტაძრები მესტიაში- ფუსდ ( ლანჩვალში) და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი ( ლეხთაგი)
    რატომ?
    ნუ ბალსქვემოთ თითქოს სვანეთი არ არის- უამრავი ტაძარია

    • გამარჯობა ლონდა,

      როგორც მითითებული მაქვს ამ ინფორმაციის წყაროდ გამოვიყენე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს გამოცემული ტურისტული ბროშურა. სიმართლე, რომ ვთქვა იქ არ ეწერა თქვენს მიერ აღნიშნულ ეკლესიებზე, თორე აუცილებლად დავდებდი აქ. მე კი სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულ ტაძრებზე.

  3. მადლობა ყურადღებისათვის
    ლაშდღვერში 2 ეკლესიაა: მთავარანგელოზთა და გაბრიელ მთავარანგელოზის (“მხერი”) ( დატანილია გუგლის რუკაზე).პირველის ზუსტ კოორდინატებს ვერ მომაწვდით?

Leave a reply to თამარ ონიანი კომენტარის გაუქმება